არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21,700 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა, - საკოორდინაციო შტაბში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შედეგები განიხილეს.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 საწარმო იბარებდა შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. ფერმერებმა, დაახლოებით. 7 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 2 მლნ. ლარს აღემატება.
პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი კომპანიის - შპს „ბიოჯუსის“ საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ და შიდა ქართლის სახელმწიფო რმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდდა.
პროგრამა 15 დეკემბერს დასრულდა.