გორში სკოლა-ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებაზე შიდა ქართლის სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაცია მოეწყო.
ფორუმის ფარგლებში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საზოგადოებისთვის ბიზნესის დადებით როლზე ისაუბრეს და აუდიტორიას საკუთარი კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები გააცნეს.
„სკოლა-ბიზნესის ფორუმში კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების საჭიროებების და იდეების შესახებ მოისმინეს. პირადად გაესაუბრნენ მოსწავლეებს და მათ მიერ შემუშავებულ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც ახალგაზრდების და სკოლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ეხება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია PH International ახორციელებს. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.
ცნობისთვის, 2023 წელს, საქართველოს მასშტაბით, სკოლა-ბიზნეს ფორუმების შედეგად, კერძო სექტორმა სკოლების მიერ წარმოდგენილი 50-ამდე პროექტი დააფინანსა.ა