საზოგადოება
14.12.2023 22:10
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა, - აღნიშნულის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შარლ მიშელი საკუთარ განცხადებაში, ასევე, ეხმიანება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას - ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.  ევროკავშირი, ასევე, გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული.  ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, - წერს შარლ მიშელი.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას სოციალური ქსელით ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველო მეცხრე ქვეყანაა ვისაც კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 27-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

კვირის ამბები