საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და საფასური იცვლება.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილება შემდეგ მომსახურებებს შეეხება: ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, ჰიგიენური სერტიფიცირება; ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია; ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა; ვეტერინარული ზედამხედველობა და ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა; ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვა; წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის კატეგორიის მინიჭება; კონსულტაცია და ა.შ.
„ახალი ტარიფები და ვადები შესაბამისობაშია მომსახურების გაწევისთვის საჭირო ადამიანურ რესურსსა და ფინანსურ დანახარჯებთან. ცვლილება ხელს შეუწყობს მომსახურებების ეფექტიანობის ზრდას და დაინტერესებულ პირთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ამასთან, ვითვალისწინებთ, რომ ხშირია მომსახურების გაწევის მოთხოვნა არასამუშაო საათებში, 1-ელი იანვრიდან შაბათ-კვირა ან უქმე დღეს დაემატება მომსახურების გაწევა არასამუშაო საათებში“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.