2024 წლის პირველი იანვრიდან, ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ავტომობილების რეგისტრაციის წესები იცვლება.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილის პირველადი ან დროებითი რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს მინიმუმ ევრო 5 სტანდარტს.
„მოგეხსენებათ, რამდენიმე წელია დავაწესეთ შეზღუდვა საწვავზე და ევრო 5 სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ხდება რუტინულად ხარისხის შემოწმება, მაგრამ დღეს, რაც გამოწვევად დარჩა, ჰაერის დაბინძურებაა, რაც დაკავშირებულია ბევრ გაუმართავ ავტომობილთან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5 სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევა ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომანქანებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან, თუმცა ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულ, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომობილებს.