საზოგადოება
13.12.2023 15:53
საძოვრების იჯარით აღებისთვის განაცხადების მიღება 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე შეირჩა და გამოქვეყნდა იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.

გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 171 ერთეული (მათ შორის, გორი - 4, კასპი - 1, ქარელი - 2) საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 12 827 ჰა.

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 9 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 44 040 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამ პერიოდში იჯარით გაიცა 14 225 ჰექტარი საძოვარი.
კვირის ამბები