საზოგადოება
12.12.2023 14:44
ერგნეთ-მამისაანთუბნის და ქვემო ხვითის საჯარო სკოლები თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ერგნეთ-მამისაანთუბნის და ქვემო ხვითის საჯარო სკოლები თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ.

ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის ჟიურიმ პირველ ეტაპზე 409 განაცხადი განიხილა და 20 სკოლა შეარჩია.

 „პროექტის მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები აქვთ. საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი 20 დეკემბერს დასრულდება და ოცეულში გასულმა კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ 200-სიტყვიანი პროექტის აღწერა და ხარჯთაღრიცხვა. 25 დეკემბერს კი გამოვლინდება 2 სოფლის საჯარო და 1 მაღალმთიანი სოფლის საჯარო სკოლის გამარჯვებული. პროექტის მსვლელობაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული მოსწავლეები“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

 რაც შეეხება თანხის რაოდენობას, სამი გამარჯვებული სკოლა 8 000-ლარიან გრანტს მიიღებს, რითაც ინფრასტრუქტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებებს უზრუნველყოფენ.

კვირის ამბები