სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა მოსწავლეთა თვითმმართველობის კონკურსის გამარჯვებული გახდა.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდი გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტომ დააჯილდოვა და მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
პროექტის გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საახალწლო სუვენირები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ედიშერაშვილმა გადასცეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებას და მოტივირებას.
„სკოლების თვითმმართველობები, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად უნდა ჩაერთონ სკოლების განვითარების, მოსწავლეთა ინტერესების და გამოწვევების კვლევის და ადმინისტრაციებთან ადვოკატირების პროცესში. კონკურსში მონაწილეობა 11-მა საჯარო სკოლამ მიიღო. გამარჯვებული - პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა - 500 ლარიანი ვაუჩერით დავაჯილდოვეთ“, - აცხადებენ სააგენტოში.