საზოგადოება
26.02.2020 12:02
ქართული ჯარი გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს და როგორც ცნობილია, ქართული ჯარი, საქონლის ხორცის შემდეგ, ახლა უკვე, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. უწყების განმარტებით, 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან. დღეიდან კი, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების ღორის ხორცს შეისყიდის.

„თავდაცვის ძალები დღემდე, ქართული, გაუყინავი ღორის ხორცით არასოდეს მომარაგებულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარი სრულად ქართული წარმოების საქონლისა და ღორის ხორცით მომარაგდება. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი პროდუქციის ხარისხზე კეთდება. ახალი სტანდარტებით, ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მარაგდება. პროდუქციის მრავალფეროვნებასთან და ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს ექცევა. მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის სრული განახლება, მათ შორის, ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. საბოლოო ჯამში, ახალი სტანდარტების დამკვიდრება უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯარში საკვები პროდუქციის ხარისხსა და სასადილოებს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო და სამხედრო პოლიცია ამოწმებს.

კვირის ამბები