საზოგადოება
08.12.2023 13:57
გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს დღეიდან ქალი მძღოლი ემსახურება

მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს დღეიდან ქალი მძღოლი ემსახურება.

გორის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თეონა თვაური პირველი ქალია, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ გადაადგილებაზე იზრუნებს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მძღოლის პოზიციის დაკავებამდე, მან შესაბამისი სასწავლო კურსები გაიარა.

„გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ტრანსპორტის სააგენტოს პრიორიტეტია. ორგანიზაცია აგრძელებს ქალბატონების დასაქმებას მძღოლების ვაკანსიებზე. გენდერული ბალანსის დაცვასა და ქალების ტრანსპორტის სფეროში აქტიურ ჩართულობის უზრუნველყოფას „ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამაც“ ითვალისწინებს. რამდენიმე წლის წინ გორს EURO 5-ის ტიპის ავტობუსები სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გადაეცა“, - აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.

კვირის ამბები