კლიმატის ცვლილების კანონის - „თეთრი წიგნის“ შესახებ, გორში საჯარო განხილვა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „თეთრი წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის საზოგადოებრივი დისკუსიის და კონსულტაციების გაგრძელებაა.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონსულტაციის პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ არასამთავრობო, სათემო ორგანიზაციები, სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება.
„კლიმატის ცვლილების კანონის - „თეთრი წიგნი“ მოიცავს ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს. დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.