კულტურა
07.12.2023 14:23
„შეპყრობილი“ - გიორგი სოსიაშვილის ახალი პროზაული კრებულის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი სოსიაშვილის ახალი პროზაული კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

„შეპყრობილი“ - ასე ჰქვია მწერლის ახალ კრებულს, წიგნი ცხრა მოთხრობას მოიცავს.

ლიტერატურული ნამუშევრის პრეზენტაცია ხვალ, 8 დეკემბერს, 13:00 საათზეა დაგეგმილი.

წიგნის რედაქტორი ფილოლოგი, პროფესორი თამარ გელიტაშვილია.

„გიორგი სოსიაშვილის ახალი წიგნის წამყვანი თემა სიყვარულია, რომლის კონცეფციურ ფუნქციაც, ხშირად რეალისტური ყოფის სურათების ირაციონალური ესთეტიკით ჩანაცვლებაა. ავტორი, როგორც ყველა ჭეშმარიტი მწერალი, ცდილობს, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს და, ვინაიდან ეს რეალურ ყოფაში შეუძლებელია, საკუთარი ჩანაფიქრის სრულყოფილად გამოხატვას სიზმრისეული ეპიზოდებით აღწევს.
რაგინდ მრავალფეროვანიც იყოს გიორგი სოსიაშვილის შემოქმედება, რაგინდ განყენებული თემებისკენაც მიმართოს მკითხველის ყურადღება, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც თავისი შემოქმედების უმთავრეს ღერძს, სამშობლოს ოკუპაციას უბრუნდება.
თითოეული მოთხრობა, გარდა უღრმესი ემოციური მუხტისა, თავისი ორიგინალური სიუჟეტითაც გვხიბლავს", - აღნიშნავს თამარ გელიტაშვილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ავტორი  წიგნებს, საკუთარი ავტოგრაფით, საჩუქრად გადასცემს.

კვირის ამბები