საზოგადოება
25.02.2020 16:46
საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ნატოს საკითხები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია - გიგი ხოჯევანიშვილი
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს თამარ წულეისკირს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები განიხილეს და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
,,ჩვენ, უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, ვგეგმავთ და ვახორციელებთ ერთობლივ ღონისძიებებს. ამჯერადაც, რეგიონში დაგეგმილი საჯარო შეხვედრები, ასევე, ნატოსა და ევროპის დღეებთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. შიდა ქართლი აქტიურად ჩაერთვება დაგეგმილ ღონისძიებებში, რადგან ნატოსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის არჩევანი და გეზი სწორედ ევროპასა და ევროინტეგრაციას უკავშირდება, გვინდა, ახალგაზრდებსა თუ ნებისმიერი სხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენელს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს ამ თემასთან დაკავშირებით. სამხარეო ადმინისტრაცია ყოველთვის მზადაა ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, უახლოეს პერიოდში, ნატოსა და ევროკავშირის თემაზე რეგიონის მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები დაიგეგმება. მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება სამხარეო ადმინისტრაციაც.
კვირის ამბები