სამედიცინო კლინიკების ქსელმა „გორმედმა“ 1-ელ დეკემბერს ყველა მიმართულებით განაახლა პაციენტების მიღება და სრული დატვირთვით აგრძელებს შიდა ქართლის მოსახლეობისთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, - აღნიშნულ ინფორმაციას ,,გორმედის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამედიცინო ქსელის დაწესებულებებმა (გორში, ქარელში, ხაშურში) ბოლო 2 თვეში ინფრასტრუქტურული ცვლილებები განახორციელა.
,,გვინდა გაცნობოთ, რომ სამედიცინო კლინიკების ქსელმა „გორმედმა“ 1 დეკემბერს ყველა მიმართულებით განაახლა პაციენტების მიღება და სრული დატვირთვით აგრძელებს შიდა ქართლის მოსახლეობისთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ახალი სანებართვო პირობები დაამტკიცა რეანიმაციული და ქირურგიული სერვისების მიმწოდებლებისთვის.
სწორედ ამიტომ, სამედიცინო ქსელის დაწესებულებებმა (გორში, ქარელში, ხაშურში) ბოლო 2 თვეში ინფრასტრუქტურული ცვლილებები განახორციელა და სრულად განაახლა სამედიცინო აპარატურა, რაც ნამდვილად ახალი შესაძლებლობაა სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისთვის.
ამ ხნის განმავლობაში, პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამედიცინო ქსელი რეანიმაციული და ქირურგიული მიმართულებით პაციენტების მიღებას არ ახორციელებდა. 1-ლი დეკემბრიდან კი ორივე მიმართულებით პაციენტების მიღება განახლდა და კლინიკამ უკვე ათობით პაციენტს გაუწია სტაციონარული მომსახურება.
მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ სამედიცინო სერვისების საჭიროებების მქონე ადამიანებთან უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის და კლინიკის ღირებულებების უფრო მკაფიოდ გამოხატვის მიზნით, კლინიკა უახლეს მომავალში გეგმავს რებრენდინგს და სამივე ფილიალის ერთი სახელის ქვეშ გაერთიანებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ,,გორმედის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, ,,გორმედის“ გორის კლინიკის რამდენიმე განყოფილებამ მუშაობა სექტემბრის ბოლოს შეაჩერა, აღნიშნულის მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც, კლინიკის შემოწმების შედეგად გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები და რამდენიმე დეპარტამენტი ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც სჭირდება სამედიცინო სერვისების განხორციელებას.
ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა ოპერაციულ სეგმენტს და შესაბამისად, არ ფუნქციონირებდა ქირურგიული და ტრავმატოლოგიური სტაციონარული მიმართულებები, ასევე - რეანიმაციული განყოფილება.
რაც შეეხება დანარჩენ სერვისებს, ასევე ქირურგიული და ტრავმატოლოგიური დახმარების ამბულატორიულ ნაწილს, მუშაობდა ჩვეულ რეჟიმში.