საზოგადოება
05.12.2023 14:47
გორში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

 გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

გამოფენაზე მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი.

გამოფენა-გაყიდვა „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაციიდან აღებული თანხა მსჯავრდებულების პირად ანგარიშზე გადაირიცხება. მათ, ვისაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში წვლილის შეტანა სურს, ნივთების შეძენა ონლაინ პლატფორმის (Re – market . ge) საშუალებითაც შეუძლიათ.

„მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და დასაქმების მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საჯარო უწყებასა და კერძო დაწესებულებასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციიდან აღებულ თანხას, მსჯავრდებულების პირად ანგარიშზე გადაირიცხება“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას აღნიშნა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა.

ცნობისთვის, „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირია, რომლის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია მათი პროფესიული მომზადება-გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის გზით.

კვირის ამბები