კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის ვადები უკვე განისაზღვრა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანების მიხედვით, კერძო სკოლაში სწავლის მსურველებისთვის რეგისტრაცია 2020 წლის 27 აპრილს დაიწყება და 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
განათლების სამინისტრო პროცედურის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას, უწყების ცნობით, მშობლებმა საჭირო საბუთების წარსადგენად და პირველკლასელთა დასარეგისტრირებლად სასურველ კერძო სკოლას უნდა მიმართონ. მოსწავლეთა რეგისტრაციას სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია განახორციელებს.
ცნობისთვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი (რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელების რეგისტრაციას ითვალისწინებს) 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპი კი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით გასტანს. პირველკლასელთა რეგისტრაციის შემდგომი ეტაპების შეახებ, GMnews ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას.