ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სოფელ უფლისციხეში გოგონათა შორის მინიფეხბურთი ჩატარდა.
სპორტული აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეჯიბრში 16 გოგონა მონაწილეობდა. მათ შორის, ოთხი - ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი.
გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა თასით. გარდა ამისა, თითოეულ მონაწილეს გენდერული თანასწორობის საბჭომ სერტიფიკატები, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ამავე კამპანიის ფარგლებში, თემაზე: „ერთად, ძალადობის წინააღმდეგ“, სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა. ღონისძიებას საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული აუდიტორია ესწრებოდა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ოჯახში ძალადობაზე, პრობლემის გადაჭრის გზებზე და თვითმმართველობის პროცესებში ქალთა ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეგახსენებთ, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.