დაახლოებით 760 ფრენა გაუქმდა მიუნხენის აეროპორტში ძლიერი თოვის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აეროპორტის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარასკევს და შაბათს ღამით მიუნხენში თოვლის საფარმა 40 სმ-ს გადააჭარბა.
მიუნხენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ცნობით, თოვლის გამო შეჩერებულია ავტობუსები, ტრამვაი და ზოგიერთი მატარებლის მოძრაობა.
გერმანიის ეროვნული სარკინიგზო კომპანია Deutsche Bahn-ის ინფორმაციით, მიუნხენის მატარებლების ცენტრალურ სადგურში საქალაქთაშორისო მიმოსვლა მთლიანად შეჩერებულია.
როგორც Süddeutsche Zeitung-ი იტყობინება, ამ ვითარებაში, უამრავი მოგზაური დარჩა მიუნხენის მთავარ სადგურზე.
ამინდის გაუარესების გამო, მიუნხენის ბაიერნსა და ბერლინის უნიონს შორის საფეხბურთო მატჩიც გადაიდო.
სინოპტიკოსების ცნობით, თოვა და დაბალი ტემპერატურა ბავარიაში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
გერმანიის გარდა, ამინდის გაუარესების გამო, რამდენიმესაათიანი შეფერხება იყო ლონდონის, ვენის, ციურიხის და დუბლინის აეროპორტებშიც.