საზოგადოება
01.12.2023 15:37
პირველ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, 1-ელ დეკემბერს, აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day).

საქართველო ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება. წელსაც გაიმართა „ევროპული ტესტირების კვირეული“, რომლის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში, შიდა ქართლის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, რომ მობილური ლაბორატორიის მეშვეობით, აივ/შიდსსა და ცე ჰეპატიტზე უფასო კვლევები ჩაეტარებინა.

როგორც „გორის მაცნესთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“ დირექტორმა ქეთევან ბიძინაშვილმა აღნიშნა, შიდა ქართლის მასშტაბით, აივ/შიდსით 401 მოქალაქეა ინფიცირებული.

„დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ინფორმირებულობას, კვლევების ჩატარებას, რომ დროულად მოხდეს აივ ინფექციის გამოვლენა და ინფიცირებულის მკურნალობაში ჩართვა. სახელმწიფო პროგრამით მკურნალობა უფასო, ანონიმური და კონფიდენციალურია. ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ მოსახლეობა, ჩაიტარონ კვლევა, დროული მკურნალობა უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ქეთევან ბიძინაშვილმა.

ცნობისთვის, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა „წითელი ბაფთა“. ეს ემბლემა 1991 წლის აპრილში ამერიკელმა მხატვარმა ფრანკ მურმა შექმნა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული და 2002 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

UNAIDS-ის მონაცემებით, მსოფლიოში აივ-ინფიცირებული 36,9 მლნ ადამიანია. მათგან 17,1 მილიონმა არ იცის, რომ ამ ვირუსის მატარებელია და მის გამოსავლენად აივ-ის ტესტირებას საჭიროებს, ხოლო 22 მილიონს, მათ შორის 1,8 მილიონ ბავშვს, აივ-ის მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება.

კვირის ამბები