გორის მუნიციპალიტეტს, პირველად, „ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიენიჭა.
გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ჯილდო პოლონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა გადასცა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსი გორის მუნიციპალიტეტმა პროექტის „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარების“ ფარგლებში მიიღო.
„გორის მერია პროექტში 2021 წელს ჩაერთო. ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა თანმიმდევრული აქტივობებით შეძლო ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რაც შედეგზეც აისახა.
ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ინვესტორთა მომსახურების თანამედროვე სტანდარტები დაინერგა, მომზადდა საინვესტიციო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენებზე და შესაბამისი საინფორმაციო მასალა განთავსდა როგორც გორის მუნიციპალიტეტის, ასევე, პროექტით გათვალისწინებულ ყველა ელექტრონულ პლატფორმაზე“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროექტში საქართველოდან, ჯამში, 22 სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. მათ შორის, აღნიშნული სტატუსი გორის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.
პროექტი „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარება“ პოლონეთის ფონდების და რეგიონული განვითარების სამინისტროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური დახმარების ფონდის და საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
სამივე სახელმწიფო უწყება მოპოვებული სანდოობის საერთაშორისო სტატუსით 2027 წლამდე ისარგებლებს.