გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ეთნოლოგის, ისტორიკოსისა და მეცნიერის - სერგი მაკალათიას დაბადებიდან 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხვალ, 2 დეკემბერს, 11:00 საათიდან უმასპინძლებს.
რაც შეეხება სამეცნიერო თემატიკას, ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საკმაოდ მრავალფეროვანია და ეთნოლოგიურ, არქეოლოგიურ, ისტორიულ, რელიგიურ, ფოლკლორულ საკითხებს მოიცავს.
სამეცნიერო კონფერენცია გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს და გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ორგანიზებით იმართება.
შეგახსენებთ, მეცნიერმა 1926 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს ცალკეული რეგიონების და ხეობების ისტორიული ეთნოგრაფია შეისწავლა, იკვლევდა საქართველოს ისტორიას, არქეოლოგიას, ნუმიზმატიკას და ხელოვნებას, მონაწილეობდა, ასევე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმების დაარსებაში (მესტია, გორი, ცაგერი, სტეფანწმინდა, კასპი).
სერგი მაკალათია 1937-1948 წლებში გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი იყო, რომელიც ამჟამად მისი სახელობისაა.
მეცნიერი 1974 წელს, მისივე დაბადების დღეს - 2 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.