„ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები გამოცხადდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მინისტრის თქმით, ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.
მინისტრმა პარლამენტის დეპუტატებს კიდევ ერთი მასშტაბური აქციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, აქციის ფარგლებში, მაისში, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქის პასპორტს სრულიად უფასოდ მიიღებენ.
„2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ოდირის (ODIHR) დადებითი დასკვნის მისაღებად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის ასეთი მდგომარეობაა – 401 000 ადამიანი ფლობს ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც ზედ აწერია „უვადო“. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის კატეგორია, რომლებიც ფლობენ ძველი დროის გადმონაშთ დოკუმენტს, რომელსაც აქვს უვადო მოქმედების ვადა და არ ცვლიან მას. შესაბამისად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ჩვენ მხოლოდ ამ მოქალაქეებისთვის გვექნება, როგორც პირადობის მოწმობა, ასევე, პასპორტი სრულიად უფასო. ორივე საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია და იუსტიციის სამინისტრო შანსს გაძლევთ ასეთი შეღავათით ისარგებლოდ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.