რეგიონი
04.10.2019 16:49
გორში ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაცია-განაშენიანების სამუშაოები განხორციელდება
ქარსაფარი ზოლის გაშენების მიზნით, მომავალ წელს, გორის მუნიციპალიტეტში გარკვეული სამუშაოები განხორციელდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის აგრარული კომიტეტის ერთობლივი ინიციატივით, ქარსაფარი ზოლების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გარდა, ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაციასა და მოვლა-პატრონობას, ქარელის, საგარეჯოსა და ყვარელის მუნიციპალიტეტში ითვალისწინებს.
„ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაცია-გაშენება დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, აუცილებელია დონორი ორგანიზაციების ჩართულობა და შემდეგ გაშენებული ზოლების დაცვა, რასაც ქარსაფარი ზოლების მართვის პოლიტიკის კანონპროექტი დაარეგულირებს. 2018-2019 წლებში, IFAD-ის დახმარებით, გორში 15 კმ. და ქარელში 10 კმ. ქარსაფარი ზოლი გაშენდა. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით კი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 6,5 კმ და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 6 კმ ქარსაფარი ზოლის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებაში.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
კვირის ამბები