კულტურა
30.11.2023 12:17
ხალხური რეწვის სასწავლო სახელოსნო თექისა და ფარდაგის ქსოვის შემსწავლელ ვორქშოპებს იწყებს

ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო სახელოსნო - მინიგალერეა თექისა და ფარდაგის ქსოვის შემსწავლელ ვორქშოპებს იწყებს.

როგორც ხალხური რეწვის სასწავლო სახელოსნოში აცხადებენ, მინიგალერეის მიზანია ფართო აუდიტორიას გააცნონ კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული დარგები. გამოცდილი და კვალიფიციური მასტერებისგან მიიღონ ცოდნა, ინფორმაცია დარგების ისტორიაზე და მის კულტურულ მნიშვნელობაზე.

რაც შეეხება ვორქშოპებს, 17 წლიდან ზემოთ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ თექას და ფარდაგის ქსოვის ტექნიკას, შესძინონ ახალი, თანამედროვე ელფერი.

გაკვეთილები ჩატარდება ოთხშაბათს და ხუთშაბათს 12:00-დან 16:00 საათამდე, ასევე, მინიგალერეაში ქართული რეწვის მიმართულებებს გაეცნობიან უცხოელი ტურისტები და ჩაუტარდებათ მასტერკლასები.

„გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო სახელოსნო - მინიგალერეა ხელს უწყობს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, შეისწავლონ ხალხური რეწვის სხვადასხვა მიმართულება და გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები“, - აცხადებენ ხალხური რეწვის სასწავლო სახელოსნოში.

შეგახსენებთ, გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნო - მინიგალერეა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერილი, მცირე ინვესტიციით დაფინანსებული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“ (THC 1130) ფარგლებში შეიქმნა.

კვირის ამბები