საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები პროფესიულ საქმიანობას საქართველოში გამარტივებული წესებით შეძლებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და უწყების ინფორმაციით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ.
„ექიმებმა მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი.
გამარტივებული წესით, აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე, კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ისარგებლებენ“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.