გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 3 დეკემბერს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისოს დღეს ჩატარდება და ორგანიზატორების ინფორმაციით, შესული თანხა უსინათლო ადამიანების კეთილდღეობას მოხმარდება.
„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა და სწორედ, სიმბოლურია ჩვენი საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება, ვინაიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უსინათლო ადამიანების კეთილდღეობას, მათთვის კომფორტის და ადაპტირებული გარემოს შექმნას.
საქველმოქმედო საღამო გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს უსინათლოთა კავშირის გორის ფილიალის, უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანია, გარემონტდეს უსინათლოთა კავშირის გორის ფილიალისთვის გადაცემული ფართი, რომ ბენეფიციარებმა შესაფერის გარემოში შეძლონ მომსახურების მიღება“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა საქართველოს უსინათლოთა კავშირის გორის ფილიალის თავმჯდომარემ დავით გურასპაშვილმა.
საქველმოქმედო კონცერტი გორის კულტურის სახლში (მშვიდობის ქ. 12ა) 16:00 საათზე დაიწყება, რომელშიც საქართველოს უსინათლოთა კავშირის, კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრის ვაჟთა ანსამბლი „კრწანისი“, ქალთა ანსამბლი „ელიო“, რამინ მიქაბერიძე და, ასევე, ესტრადის და ფოლკლორის ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.
ბილეთის ფასი 15 ლარია. ბილეთების შესაძენად უნდა დარეკოთ ნომერზე: 591 26 35 26
მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე: GE79BG0000000771769100
ცნობისთვის, საქართვფელოს უსინათლოთა კავშირის გორის ცენტრი 185 ბენეფიციარს ემსახურება.