სკოლებში არსებულ კვების ობიექტებში არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვა აიკრძალება, ობიექტის თანამშრომლებისთვის კი, პირადი ჰიგიენის მოთხოვნები დაწესდება, - შესაბამისი ბრძანება განათლების სამინისტრომ დაამტკიცა.
სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.
რაც შეეხება სკოლის კვების ბლოკში აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს, დაუშვებელია შემდეგი პროდუქციის შეტანა: საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
დაკონსერვებული პროდუქტები;
თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი; სოკო ნებისმიერი ფორმით; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; ტკბილი გაზიანი სასმელები, ყავა.