გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით დაბალი ტემპერატურა, ქარი და ნალექია მოსალოდნელი, შესაბამისად, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღუდვა მოქმედებს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ. 1-კმ. 40 მონაკვეთზეც, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რაც შეეხება ზღვისპირა რეგიონებს, ბათუმში 8 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ძლიერი შტორმის შედეგად გარკვეული მონაკვეთები დაიტბორა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.