საზოგადოება
27.11.2023 12:12
გორში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ღონისძიება ხვალ, 28 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

გამოფენაზე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი.

პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსული თანხა მსჯავრდებულების პირად ანგარიშზე გადაირიცხება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მათ, ვისაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესში წვლილის შეტანა სურს, ნივთების როგორც ადგილზე, ასევე ელექტორნულად (Re – market . ge) შეძენაც შეუძლიათ.

გამოფენა-გაყიდვა „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩატარდება.

„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირია, რომლის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია მათი პროფესიული მომზადება-გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის გზით.

ცნობისთვის, ღონისძიებას მუსიკალურად  ადგილობრივი ბენდი „SOFT WAVE“ გააფორმებს.

კვირის ამბები