„ყალბი ოქრო“ - გორის ხელოვნების სახლი ლევან მიქელაძის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევარი, რომლებიც ღმერთის, რწმენის, ცოდვების და სიკვდილის შესახებ გარკვეულ რელიგიურ წარმოდგენებს აერთიანებს. ყალბი ოქროთი დაფარულ სხვადასხვა მოსაზრებას, გამოგონილ რეალობებს და ურბანულ მითებს.
„მთელი ეს პროცესი, რაც ამ ნახატებშია ასახული, არის იმ დალექილი მოგონებების აღდგენის და დაარქივების მცდელობა, რაც ჩემი პირადი პოსტ 90-იანების პერიოდიდან „გადარჩა“ ნივთების , ფრაზების, ადამიანების შესახებ.
სხვადასხვაგვარად ვასინქრონებთ მეხსიერებას, ხანდახან ფაქტი გვახსოვს სატელევიზიო სიუჟეტის ფოკუსით, ხანდახან უბრალოდ საგნის ან მოვლენის გარშემო არსებული შეგრძნებები, სუნი, ხმა, შეხება.
ყველაფერი, რაც აქ არის, წარმოადგენს იმას, რაც მქონდა, რასაც ვხედავდი, მასწავლიდნენ და მჯეროდა“, - აღნიშნა ხელოვანმა.
ცნობისთვის, გამოფენა 25 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება. დამთვალიერებელი საგამოფენო სივრცეში სტუმრობას 25 დეკემბრის ჩათვლით შეძლებს. დასწრება თავისუფალია.