საზოგადოება
23.11.2023 11:47
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენებას აღნიშნავს

დღეს, 23 ნოემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი -  ბორბალზე წამების დღეს.

საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე უამრავი ტაძარია აგებული. წმინდა გიორგი მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად ითვლება. ასევე, მას ევედრებიან დემონური ძალებისგან გამოხსნას.

წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი უამრავია, მათგან ერთ-ერთი ქალაქ ლასიას უკავშირდება, სადაც წმინდანმა გველეშაპი დაამარცხა. სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც მხეცს კლავს. მხეცის განმგმირავი წმინდა გიორგის სახე არის ბოროტებასა და ცოდვაზე ქრისტიანობის გამარჯვების სიმბოლო.

რაც შეეხება წმინდა გიორგის მეორე ხატს, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა, ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე-4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ.

წმინდა გიორგის ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კვირის ამბები