გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა გიორგის სახელობის გორიჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმინდეს ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები.
„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და ტროტუარები გაიწმინდა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან, დასუფთავდა სანიაღვრე არხები, გაითიბა ბალახი, გამოიცვალა საგზაო უსაფრთხოების დაზიანებული სარკეები. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი დამატებით განთავსდება ნაგვის ურნები“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში გამორჩეულად უყვართ.
გიორგობას განსაკუთრებულად აღნიშნავენ გორში. მორწმუნეთა უმრავლესობა გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიდის მოსალოცად.