საზოგადოება
22.11.2023 12:28
გორის მერია ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდებულ მეთოდოლოგიას დანერგავს

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდებულ ახალ მეთოდოლოგიას დანერგავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროსაბჭოსა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლები მერიაში მოქმედ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ და ახალი მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მეთოდოლოგია - „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“-„Civil Participation in Decision Making Toolkit (CPT)“ - გულისხმობს ადგილობრივი თემის შეფასებას სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ადამიანური კაპიტალის მიხედვით.

„CPT ინსტრუმენტის გამოყენებით, ადგილობრივი საზოგადოებიდან შეირჩა, მექანიზმზე დაყრდნობით შეფასდა და დაკომპლექტდა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტთან ერთად საშუალოვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას.

საშუალოვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებაში მოქალაქეთა მაღალი ჩართულობის ვალდებულება მუნიციპალიტეტებს საქართველოს მთავრობის N264 განკარგულებით განესაზღვრათ, ხოლო ევროპული სტანდარტის ინსტრუმენტის დანერგვის პასუხისმგებლობა, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროპის საბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიიღო“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამუშაო ჯგუფის წევრები ახალი მეთოდოლოგიის პრინციპებს საქართველოსა და ავსტრიაში გაეცნენ.
კვირის ამბები