საზოგადოება
22.11.2023 11:59
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად დაფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად დაფინანსდება.  

პროგრამა  მოიცავს არჩევით ექიმის აყვანის და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების და სხვა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯებს, რომლის გათვალისწინებითაც პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს.

რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისებს სახელმწიფო არ დააფინანსებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვაა.

„აღნიშნული ცვლილება სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა.  DRG მოდელით მშობიარობის და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები  გათანაბრდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში  1 222 ლარით განსაზღვრა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთის და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კვირის ამბები