საზოგადოება
21.11.2023 14:08
გორის ცენტრალური ბიბლიოთეკის მომსახურებით წელს 15126-მა მკითხველმა ისარგებლა - რა ასაკის მომხმარებელი დადის ბიბლიოთეკაში

გორის ცენტრალური ბიბლიოთეკა არსებობის 48 წელს ითვლის.

რარიტეტული, იშვიათი გამოცემები, ახალი თარგმანები, ბესტსელერები, პოპულარული და სამეცნიერო ლიტერატურა, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მწერლების შემოქმედება - ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 35 652 ეგზემპლარს აერთიანებს.

როგორც „გორის მაცნესთან“ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნანა კარკაძემ განაცხადა, ციფრული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ეპოქაში, წიგნზე მოთხოვნა აქტუალურობას არ კარგავს, თუმცა, ბიბლიოთეკამ არ უნდა იარსებოს როგორც მხოლოდ წიგნის გასაცემმა სივრცემ. ,,წიგნთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჩამოყალიბებაში - წიგნის კითხვა ავითარებს აზროვნებას, ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას, გვმატებს თავდაჯერებულობას, გვხდის უფრო შემოქმედს და გვაყალიბებს უფრო კარგ ადამიანებად“, - ამბობს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

„ჩვენს სივრცეში შეხვდებით როგორც ახალგაზრდებს, რომლებიც მუშაობენ, კითხულობენ, სხვადასხვა პროექტს აკეთებენ, ასევე, ნახავთ ჭარმაგ ადამიანებს, რომლებიც პრესას ეცნობიან, ერთმანეთს ესაუბრებიან. ვემსახურებით ყველა ასაკის და სპეციალობის მკითხველს. აქ რეგისტრირებული ყველაზე პატარა მკითხველი 3 წლისაა, ყველაზე ასაკოვანი - 90-ს მიტანებული.

ჩვენს წიგნსაცავებში ინახება მომხმარებელზე მორგებული წიგნადი ფონდები. ვითვალისწინებთ მკითხველის მოთხოვნილებას და ვცდილობთ, შევიძინოთ ყველაზე მოთხოვნადი, კითხვადი წიგნები.

ვცდილობთ, ბიბლიოთეკაში მომსახურება იყოს მულტიმედიური, ნაბეჭდ საშუალებებთან ერთად, მიწოდებული იყოს ელექტრული რესურსები, ისეთი, როგორიც თანამედროვე ბიბლიოთეკების სტანდარტებს შეეფერება. ბოლო დროს, ძალიან ხშირად ახსენენებენ მედიათეკებს, მედეათეკა ფრანგული ტიპის ბიბლიოთეკაა, სადაც მომხმარებელს მიეწოდება მულტიფუნქციური მომსახურება. ჩვენს ბიბლიოთეკაშიც გვაქვს სპეციალური განყოფილება, რომელიც საშუალებას აძლევს უსინათლო და სმენადაქვეითებულ ადამიანებს, რომ ბრაილის შრიფტით დაწერილი წიგნებით და ხმოვანი დისკებით ისარგებლონ.

წიგნებით მომსახურების გარდა, არაერთ პროექტს და პროგრამას ვახორციელებთ. მიმდინარეობს ეკო, ლიტერატურული კლუბი, ინგლისური ენის შემსწავლელი წრეები; ლიტერატურული პროექტი „ქართლის საღამოები“, სადაც ჩვენი ქალაქის მწერლები და ლიტერატორები ხვდებიან ბიბლიოთეკის მომხმარებლებს, ახალგაზრდებს. პატარებისთვის ხორციელდება პროექტი „ჩემი საყვარელი წიგნის საყვარელი გმირი“. მიმდინარეობს პროექტი პოეზიის საათი, ხდება ფილმების ჩვენება-განხილვა. აღვნიშნავთ ცნობილი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების საიუბილეო თარიღებს, ღირშესანიშნავ მსოფლიო დღეებს; ვიწვევთ თანამედროვე პოპულარულ მწერლებს, განვიხილავთ მათ შემოქმედებას; ვატარებთ ახალი წიგნების პრეზენტაციებს და ვცდილობთ, ახალგაზრობა წიგნთან დავაახლოვოთ“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ნანა კარკაძემ.

ცნობისთვის, გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, რომელიც 2011 წლიდან სტალინის 8 ნომერში ფუნქციონირებს, ყოველდღიურად უამრავი მკითხველი სტუმრობს. მისი მომსახურებით წელს 15 126-მა მკითხველმა ისარგებლა.
და ბოლოს - გერმანული მოდელით თუ ვიხელმძღვანელებთ, ბიბლიოთეკაში სიარულით დავზოგავთ თანხას, რომელიც წიგნის შეძენისთვისაა საჭირო, ასევე, მოზარდს განუვითარებთ პასუხისმგებლობის გრძნობას, რომ გაუფრთხილდეს ბუნებას - გადაარჩინოს თითოეული ხე მოჭრას და ამავდროულად, ისწავლოს საზოგადოებრივი სარგებლობის საგნების გაფრთხილება.

კვირის ამბები