საზოგადოება
21.11.2023 12:17
თოვისა და ლიპყინულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე შეზღუდვები ამოქმედდა

ამინდის გაუარესების და ინტენსიური თოვის გამო, საქართველოს რამდენიმე რეგიონში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოქმედებს ნაწილობრივი შეზღუდვები, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა საერთოდ აიკრძალა.

,,გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვისა და ლიპყინულის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ. 90-კმ. 112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 39-კმ. 52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კვირის ამბები