გორმა ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰორიზონტის“ და „დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოების“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებს „დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოების“ მიერ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა ამისა, ორგანიზაცია „ჰორიზონტმა“ ახალგაზრდებს სამომავლო გეგმები გააცნო.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.
„ახალგაზრდებს ფორუმის გახსნა გორის და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა მიულოცა. სოსიაშვილმა საკუთარ მიმართვაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ე.წ. „იდეათეკის“ დაარსებაც დაანონსა, რომელიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინოვაციური იდეების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ფორუმის დასკვნით ნაწილში, ახალგაზრდებმა ადგილობრივი ხელისუფლების და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს საკუთარი იდეები და ინტერესები გააცნეს და შესაბამისი რეაგირების მიზნით, რეკომენდაციები მოისმინეს“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
ცნობისთვის, ახალგაზრდული ფორუმი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.