საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდა, ბარში ნალექი, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. მაღალი ზონის დასახლებებში გუშინ მოთოვა, რის გამოც საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ. 67-კმ. 106 აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
,,თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ. 67-კმ. 106 (სოფ. ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ. 53-კმ. 67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ. 1-კმ. 53 (ჟინვალი-სოფ. კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.