კულტურა
20.11.2023 11:33
მინისტრი თეა წულუკიანი შიდა ქართლში მოქმედ სალოტბარო სკოლებს ესტუმრა და მათ საჭიროებებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი,  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან გიორგი დონაძესთან და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად, შიდა ქართლში არსებულ სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებს ესტუმრა.

მინისტრმა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად, კასპში, ქარელსა და გორში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლები მოინახულა.

გორში ვიზიტისას მინისტრი, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად, ლოტბარს ზურაბ წკრიალაშვილს,  რეგენტს ლელა მერაბიშვილს და კონსულტანტს, ანსამბლ „გორდელას“ სოლისტს მიხეილ მცურავიშვილს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ გორის სალოტბარო სკოლა 2015 წელს შეიქმნა და ამჟამად 40-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება. არაერთმა ახალგაზრდამ სკოლა წარმატებით დაამთავრა და ისინი დღემდე  შემოქმედებით საქმიანობას განაგრძობენ.

კულტურის მინისტრი შეხვედრებზე მისულ საზოგადოებას გაესაუბრა და სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებასა და მათ საჭიროებებს გაეცნო. თეა წულუკიანმა სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.

„კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობაა. კულტურის მინისტრი უკვე ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, ხონის, ბორჯომის, ახალციხის, დუშეთის და სამტრედიის სალოტბარო სკოლებს. მიმდინარე წლის ბოლომდე კი საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლის მონახულებაა დაგეგმილი“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, სალოტბარო სკოლების შექმნას ქართველმა მოღვაწემ, ანზორ ერქომაიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობით, დღეისთვის ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიან ქართულ გალობას, საკრავებზე დაკვრას და ხალხურ სიმღერას.
კვირის ამბები