ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება - იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა კლინიკაში ჩაიტარონ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. მოგვიანებით, პროგრამა გაფართოვდა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკ ჯგუფებში არ შედიან.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი 6 თვის ასაკიდან და სრულად უფასოა.
რაც შეეხება აცრის კაბინეტებს, მსურველებს ვაქცინაციის ჩატარება გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხუთ ლოკაციაზე შეუძლიათ: ააიპ „გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; შპს „გორმედის“ გორის ცენტრალური კლინიკა; შპს „მედიქალ ცენტრი“; შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“.
შეგახსენებთ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, უფასო ვაქცინაციის ვადა 15 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული.