სპორტი
17.11.2023 14:49
გორელი მოკრივე გიორგი გუცაევი ევროპის ჩემპიონატის მედლის კანდიდატია

გორელი მოკრივე გიორგი გუცაევი (86 კგ.) 22 წლამდელთა შორის კრივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მედლის კანდიდატია.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სპორტსმენს ბრინჯაო უკვე გარანტირებული აქვს, თუმცა მაღალი სინჯის მედლის მოპოვების შანსიც აქვს.

გუცაევმა, რომლის მწვრთნელი ბექა ლობჟანიძეა, იტალიელი ჟესუს აკოსტა სანაბია დაამარცხა, შემდეგ კი პოლონელ იაკუბ სტრაჟევსკის მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე მონტენეგროელი პეტარ ლიჟევიჩი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი გორელი მოკრივე ლუკა ნიქაბაძე ასპარეზობდა. სპორტსმენმა პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა მეორე პაექრობაში დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ორივე გორელი მოკრივე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონები და ჭაბუკთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონები არიან.

ცნობისთვის ევროპის ჩემპიონატი კრივში მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მიმდინარეობს.

კვირის ამბები