საზოგადოება
17.11.2023 12:00
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. გენიალური ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა მასწავლებლის ოჯახში.

იგი ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელია. მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა „ლექსები“ და 1919 წელს გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ მას საყოველთაო აღიარება, „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანა.

„ლურჯა ცხენები“, „მთაწმინდის მთვარე“, „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, „ნიკორწმინდა“... - გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა.

გალაკტიონის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

1959 წლის 17 მარტს პოეტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე... სამგლოვიარო მსვლელობაში თითქმის მთელი საქართველო მონაწილეობდა.

გალაკტიონი მთაწმინდაზეა დაკრძალული.
კვირის ამბები