2024 წლიდან ძიუდოში შიდა ტურნირების ჩატარებას მხოლოდ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მის მიერვე შექმნილი საშეჯიბრო ჯგუფის (კომისიის) მეშვეობით, წინასწარ გაწერილი კალენდრის შესაბამისად უზრუნველყოფს.
ფედერაციის ცნობით, აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად გამოცდების ჩაბარებაა საჭირო.
2007-2009 წელს დაბადებულ ძიუდოისტებს გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ 16-17 და 23-24 დეკემბერს როგორც თბილისში (ძიუდოს აკადემია, ბელიაშვილის 38), ისე ქუთაისში (დავით ხახალეიშვილის სახელობის ჭიდაობის სპორტული სკოლა. ნიკეას 17).
რაც შეეხება 11-12 წლის (2012-2013 წელს დაბადებულები) და 13-14 წლის (2010-2011 წელს დაბადებულები) ძიუდოისტებს, გამოცდები ჩატარდება 5 იანვრიდან 5 თებერვლამდე შესაბამის რეგიონში რეგიონული კურატორების მიერ.
საგამოცდო კომისია იმუშავებს 10:00-17:00 საათებში.
„2024 წლის საშეჯიბრო კალენდარი არამარტო საშეჯიბრო დროის, არამედ მათში მონაწილეობის წესებისა და პირობების გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. გამოცდაჩაუბარებელი ძიუდოისტები არ დაიშვებიან სალიცენზიო შეჯიბრებებზე. პირადი მწვრთნელებისთვისაც, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ფედერაციის პროექტებში აუცილებელია გამოცდების ჩაბარება. მათთვის გამოცდები ჩატარდება თბილისში ძიუდოს აკადემიაში ოთხშაბათობით, საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის დაწყებამდე.“, - აღნიშნულია ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.