საზოგადოება
16.11.2023 14:18
„განათლება ქმნის მომავალს“ - საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებისთვის კონკურსი გაიმართება

„განათლება ქმნის მომავალს“ - საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კასელებისთვის კონკურსი ცხადდება.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინიციატივით, ოლიმპიადა ქვეყნის მასშტაბით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ოლიმპიადის მიზანია, მოსწავლეებში განათლების როლის პოპულარიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

რაც შეეხება კონკურსს, 16 დეკემბერს მოსწავლეებმა უნდა შექმნან ესე სპეციალურად შერჩეულ თემაზე. ესეს თეზისი კი მონაწილეებისთვის ოლიმპიადის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გახდება ცნობილი.

ოლიმპიადა აღმოსავლეთის და დასავლეთის სკოლებისთვის ორ ლოკაციაზე: თბილისში - „ევროპის უნივერსიტეტი“ (გურამიშვილის გამზირი N76) და ქუთაისში - „ქუთაისის უნივერსიტეტი“ (წერეთლის ქუჩა N13) პარალელურად ჩატარდება.

„კონკურსანტებმა ოლიმპიადის დღეს, 3 საათში წერილობითად უნდა შეასრულონ მინიმუმ 250 სიტყვიანი ესე ქართულ ენაზე.

ესეები ექვემდებარება შესაბამისი პროგრამით (Turnitin) შემოწმებას და პლაგიატის დადგენის შემთხვევაში, არ განიხილება. ოლიმპიადას გამოეთიშებიან, ასევე, პიროვნების შეურაცხმყოფელი, აგრესიული, არანორმატიული ლექსიკის შემცველი ნაშრომის ავტორები“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლიმპიადის - „განათლება ქმნის მომავალს“ დაჯილდოების ცერემონია 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს გაიმართება და I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს „ევროპის უნივერსიტეტი“ გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს, ხოლო სპეციალურად შერჩეული კომისია 16 იანვრამდე სამ საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე: bit. ly/ 40DyPz 1. რეგისტრაციის ბოლო ვადა 1-ელი დეკემბერია.

კვირის ამბები