საზოგადოება
16.11.2023 11:26
გორის მერმა ჩეხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ჩეხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დელეგაციის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე თარხნიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩეხმა სტუმრებმა, მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. გორის მერმა კი მათ მუნიციპალიტეტის საინვესტიციო, ტურისტული და ეკონომიკური შესაძლებლობები გააცნო. დიალოგი გაიმართა, ასევე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ პერსპექტიულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

რაც შეეხება დელეგაციის წევრებს, გორში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რადიმ სრშენსი, ჩეხი ექსპერტი თომას პაველკა, ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა და ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორი თეონა რობაქიძე.

კვირის ამბები