გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 82 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, შიდა ქართლში 15 ფაქტია გამოვლენილი, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა, ე.წ. ჩოგან-ბადის მოწყობილობა და სხვ.
„ოქტომბერში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 050 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 7 ერთეული თევზმახე ამოვიღეთ. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, ბაზალეთის ტბაზე, ჟინვალის წყალსაცავზე, ასევე, მდინარეებზე - მტკვარსა და ჭოროხზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 696 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 172 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.