საზოგადოება
24.02.2020 13:19
კვლევების ახალი შედეგები და საგანგაშო დასკვნა - კორონავირუსი უსისცოცხლო ობიექტის ზედაპირზე ერთ კვირამდე ცოცხლობს
ახალი კორონავირუსი (ოფიციალური სახელი COVID-19) უსიცოცხლო ობიექტის ზედაპირზე სავარაუდოდ ერთ კვირამდე ცოცხლობს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ამჟამად უცნობია, შესაძლებელია თუ არა ადამიანი ახალი კორონავირუსით დაინფიცირედეს ვირუსის მქონე ზედაპირზე ან ობიექტზე შეხებით, შემდეგ კი დაბინძურებული ხელის პირზე, ცხვირზე ან თვალებზე მოსმით, თუმცა, კვლევების შედეგები ვირუსის სიცოცხლისუნარიანობაზე საგანგაშოა.
ჩატარებული 22 კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის პათოგენებს უსიცოცხლო ობიექტის ზედაპირზე, ოთახის ტემპერატურაზე გაძლება და ინფექციურობის შენარჩუნება ცხრა დღის განმავლობაში შეუძლია. ეს გახლავთ კორონავირუსების სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი, თუმცა, მკვლევართა განცხადებით, ვირუსების ეს ოჯახი საშუალოდ ოთხ-ხუთ დღეს ცოცხლობს სხვადასხვა სახის მასალაზე, მაგალითად, ალუმინზე, ხეზე, ქაღალდზე, პლასტმასზე ან მინაზე. ვირუსების სიცოცხლის ხანგრძლივობას განაპირობებს კიდევ ერთი ფაქტორი - ტემპერატურა და ჰაერის მაღალი ტენიანობა. შედარებისათვის გეტყვით, რომ წითელას ვირუსი დაბინძურებულ ზედაპირზე სიცოცხლეს მხოლოდ ორი საათით ინარჩუნებს.
ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტის ვირუსოლოგ ეიკე შტაინმანის განცხადებით, ჩატარდა სხვადასხვა სახის კორონავირუსთა ანალიზი, მაგრამ შედეგები ყველა შემთხვევაში ერთნაირად საგანგაშო აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ახალი კორონავირუსი (COVID-19), ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი ხელების ხშირად დაბანა და სხვადასხვა ადამიანის მიერ მოხმარებული საგნების ნატრიუმის ჰიპოქლორიტით, წყალბადის პეროქსიდითა და ეთანოლით დამზადებული ხსნარებით დეზინფექციაა.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინანდელი კვლევების საფუძველზე მეცნიერთა ჯგუფი აცხადებდა, რომ კორონავირუსები უსიცოცხლო საგნებზე მხოლოდ რვა საათის განმავლობაში ინარჩუნებდნენ სიცოცხლისუნარიანობას.
კვირის ამბები