საზოგადოება
15.11.2023 11:09
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა სასკოლო ოლიმპიადის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

თემურ ხუბულურის თქმით, 2023-2024 წლის თამაშების მომზადების და ორგანიზებისთვის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა ქართლის რეგიონის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება.

„შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გასული წლის მსგავსად, აღნიშნულ ინიციატივას წელსაც მხარს უჭერენ და საორგანიზაციო პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულები. გარდა ამისა, 2023-2024 წლის თამაშების მომზადების და ორგანიზებისთვის შეიქმნება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა ქართლის რეგიონის საორგანიზაციო კომიტეტი“, - აღნიშნა თემურ ხუბულურმა.

ცნობისთვის, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებში საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლეა ჩართული. ოლიმპიადა მუნიციპალური, რეგიონული, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშების და დასკვნითი ეტაპისგან შედგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალური თამაშები.

კვირის ამბები