საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით, გორში მწერალ ბესიკ კაიშაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიება თანამედროვე ავტორის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. მწერალმა დამსწრე საზოგადოებას ახლახანს გამოცემული წიგნი - „სულსა სურს“ წარუდგინა, რომელშიც გამოქვეყნებულია ავტორის ნოველები, ჩანახატები, მინიატურები, წერილები, აზრები.
აღსანიშნავია, რომ ბესიკ კაიშაურს ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ნიკო ლორთქიფანიძის პრემია მიენიჭა.
„პრემია მოულოდნელი სიხარული იყო, რომელმაც ჩემი შემოქმედებისადმი და მკითხველისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა გააძლიერა. გამეხარდა, რომ ჩემი წერის სტილი მიამსგავსეს ნიკო ლორთქიფანიძის წერის სტილს. მადლიერი ვარ ჩემი მკითხველების, რომლებმაც წინასწარ ჩამირიცხეს წიგნის საფასური და ამგვარად შევძელი გამომეცა პროზაული კრებული", - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ ბესიკ კაიშაურმა.
საიუბილეო საღამო ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში გაიმართა.