საზოგადოება
14.11.2023 14:28
ნინო მეგრელიშვილის დასახმარებლად გორის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება

გორის თეატრში, 29 ნოემბერს, ნინო მეგრელიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება.

მაყურებელი დიმიტრი ღვთისიაშვილის რეჟისორულ ნამუშევარს - „პრემიერას“ იხილავს.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვიდან აღებული თანხა ნინო მეგრელიშვილის დასახმარებლად გადაირიცხება, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

 „ჩემი ქალაქი ყოველდღე ამტკიცებს, რომ საუკეთესოდ შეუძლია თანადგომა. დღემდე არ დარჩა, ალბათ, არც ერთი დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელმაც რაიმე არ გააკეთა ჩემთვის. ვიცი, ვერასდროს შევძლებ დავუბრუნო ამ ხალხს ჩემთვის გაღებული სიკეთე, როგორც ფინანსური, ისე მორალური. მინდა მადლობა გადავუხადო გ. ერისთავის  სახელობის დრამატული  თეატრის ხელმძღვანელს, ადმინისტრაციას, მსახიობებს, რომლებსაც  ბევრი არ უფიქრიათ, ისე დაგეგმეს საქველმოქმედო სპექტაკლი ჩემთვის. აქვე მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც 29 ნოემბერს  სპექტაკლს დაესწრებიან, მათ, ვინც აქამდეც დამიდგა მხარში მორალურად თუ ფინანსურად და მათ, ვინც მაძლიერებს და დანებების უფლებას არ მაძლევს“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ ნინო მეგრელიშვილმა.

მსურველებმა ბილეთების შესაძენად უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 599 392 999.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 10 ლარია.
კვირის ამბები